https://www.chubekhevi.ge/wp-content/uploads/2020/02/Chubekhevi_logo-cut.svg close-icon
decoration

2020 წლის 07 მაისი

ალპური ზონა — ადგილი სადაც გაფრენა გინდება

სვანეთის პეიზაჟი - დასვენება მესტიაში

ნაკრას მთავარი სილამაზე ალპური ზონაა. “ზედა სოფლებია რაცაა, იქ მართლა გაფრენა გინდა ისეთი ლაღი ბუნებაა”, გვითხრა 79 წლის შამილი გვამლიანმა და ნამდვილი სიალამაზის ნახვა თუ გინდათ ამ 7 კილომეტრიან გზას დაადექითო, გვირჩია.

გზა საშუალო სირთულისაა და ისევე, როგორც მთლიანად სვანეთი, ლეგენდებითაა სავსე. ადგილობრივ გიდს თუ გაყვებით, თქვენი მოგზაურობა სვანეთში უფრო საინტერესო და ზღაპრული გახდება. რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით მეტ ისტორიას ისმენთ ნასახლარებზე, ეკლესიებზე, ძველ ხალხზე, რომელიც ლავერში ცხოვრობდა, თუმცა არავინ იცის, ვინ იყო… სვანების სიმამაცის დასამტკიცებლად გიდმა მოგვიყვა, რომ მტრის შემოსევის დროს, როცა ტყვიები გამოელეოდათ, მის ნაცვლად ჯაჭვს ჭრიდნენ და მტერს ასე იგერიებდნენ. ეს ხეობა მტერს სამჯერ ამოუწყვეტია, რადგან ბასას უღელტეხილიდან მარტივად უტევდნენ. დღეს კი ეს გზა ტურისტებისთვის უნიკალური ბუნებითაა საინტერესო.

ალპური ზონა

ალპურ ზონაში ასასვლელი მარშრუტი ტყეში გადის, თუ ფეხით სიარული არ გიყვართ, ადგილობრივები სამანქანო და საცხენოსნო ტურებსაც შემოგთავაზებენ. ბუნებაში თავისუფლად გაშვებული ცხენები ალპურ ზონაშიც შეგხვდებიან. ისინი ჩვენთან ცოტა ხნით გაჩერდნენ და მალევე იალაღებს შეუყვნენ. აქაურობა მთლიანად ცხოველებისა და ფრინველების მფლობელობაშია, ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვვეაში შეგხვდებათ, თუ სეზონურად მთაში საქონლის სამწყემსადაა წამოსული.

იმ წერტილიდან, სადაც მანქანით მიხვალთ, მთელი ხეობა ხელისგულზე იშლება. ნაკრას ალპური ზონა ზღვის დონიდან 2 500-2 800 მეტრზე მდებარეობს. აქ თქვენ წინ კავკასიონის ქედი, ნაკრას ხეობა, ტყე და ულამაზესი ბუნება მოჩანს. ამ წერტილიდან გზა ფეხით უნდა გააგრძელოთ, თან შეგიძლიათ ველური მოცვი დააგემოვნოთ, რომელიც, რაც უფრო მაღლა ადიხართ უფრო და უფრო გემრიელდება.

რჩევები, სვანეთში ლაშქრობაზე რომლებიც ჭუბერის შემთხვევაში გაგანდეთ, აქაც გასათვალისწინებელია, რადგან ალპურ ზონაში ყოფნის დროს ერთხელ სეტყვა წამოვიდა, ორჯერ კი იწვიმა. გზა რთული არაა და სალაშქრო აღჭურვილობის გარეშეც ახვალთ, თუმცა საწვიმარი, ფეხსაცმელი და თბილი ტანისამოსი არ დაივიწყოთ. მთების ყურებაში გართულებმა, კიდევ ერთი ლეგენდა მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ნაკრაში დევკაცები და როცა მთის წვერებზე ჩამოსხდებოდნენ, მათი ფეხები ხეობამდე წვდებოდა. ამინდში თუ გაგიმართლათ კავკასიონის მშვენებას — იალბუზსაც დაინახავთ.

იალბუზი

ყველაზე მეტად ალპურ ზონას ყვითელი ყვავილები ალამაზებენ. უშველებელი მთების თოვლისა და სიმკაცრის ფონზე, ეს პატარა, ნაზი ყვავილები ზამთრის მოსვლას გვამცნობენ. როგორც მოგვიყვნენ, მთაში ეს ყვავილი მაშინ ამოდის, როცა სიცივეები იწყება, მანამ ყვავილობს, სანამ ყინვა დაიწყებდა და შემდეგ მომდევნო წლამდე ქრება.

იხილე მეტი